samedi 3 mai 2008

ჟურნალი ”თბილისელები”

ლევან დობაძიშვილი: კვირის კონცერტის შემდეგ საკმაოდ აჟიტირებული ვარ. დღეს თავს შედარებით მშვიდად ვგრძნობ. წინა კვირის კონცერტმა ცოტა ცუდ ხასიათზე დამაყენა. მიმაჩნია, რომ ჩავარდნა მქონდა. სიმართლე გითხრათ, აუტსაიდერობის ღირსიც ვიყავი. საკუთარ თავს იმ გამოსვლას ვერ ვპატიობ
- რა იყო ამის მიზეზი?
- სტინგის სიმღერას გასაღები ვერ მოვუძებნე. ამის გამო მთელი კვირის განმავლობაში ცუდ ხასიათზე ვიყავი, განვიცდიდი და ვაანალიზებდი ამ ნაბიჯს რატომ და რის გამო ვერ ვიმღერე ისე, როგორც საჭირო იყო, მაინც ვერ ვხვდები.
- ჩაკეტილი და სერიოზული ჩანხარ, ცხოვრებაშიც ასეთი ხარ?
- ასე ჩანს? ცხოვრებაში ასეთი არ ვარ. ხშირად ვარ კარგ ხასიათზე, ვხუმრობ, ვიცინი, აქ უფრო თავშეკავებული ვარ, ვიდრე გარეთ - ”არარეალურ” ცხოვრებაში.
- აქ შემოსვლამდე რა ხდებოდა?
- ვსწავლობ თეატრალურ უნივერსიტეტში, მუსიკისა და დრამის ფაკულტეტს ვამთავრებ, მეოთზე კურსზე ვარ. მომავალი მსახიობი და მომღერალი ვარ. ჩემმა ჯგუფმა სადიპლომოზე დაიწყო მუშაობა, მაგრამ პროექტის გამო მე ვერ ვითამაშებ. მიუხედავად იმისა, რომ მუსიკალური განათლება არ მიმიღია, მიმაჩნია რომ ნორმალურ მომღერლად დავდგები. ისე, ძალიან კარგი იქნებოდა, რომ ნოტები ვიცოდე, მაგრამ სამაგიეროდ, შემიძლია ერთხელ მოსმენილი მელოდია მაშინვე ავაწყო და დავუკრა, როგორც პიანინოზე, ასევე გიტარაზე, თვითნასწავლი ვარ.
- თუ ასეთი ნიჭი გქონდა, რატომ არ მიეცი მას გასაქანი?
- სახლში სულ მეჩხუბებოდნენ და მაძალებდნენ, რომ მუსიკაზე მევლო, მაგრამ არ მინდოდა. ახლა ვხვდები, ვცდებოდი. ვფიქრობდი, მხოლოდ მსახიობის პროფესიის დაუფლება საკმარისი იქნებოდა. ისე, ჩემთვის ორივე პროფესია ძალიან მნიშვნელოვანია. ორივე მიყვარს.
- რა მუსიკას უსმენ? მიმაჩნია, რომ აქ საკმაოდ გემოვნებიან სიმღერებს მღერი, კარგი სტილი მოგარგეს.
- ყველაფერს ვუსმენ, რაც კარგია, ანუ ნებისმიერი სტილის, ყველა დროის საუკეთესო მუსიკა მომწონს. მთავარია, კარგად იყოს გაკეთებული. თუფაქის ნამღერი რეპიც მაგარია. მაგრამ თავად მგონია, რომ არაპაპსა შემსრულებელი ვარ და ყველაფერს ვერ ვიმღერებ. ვფიქრობ, ჩემში კარგად ჩაჯდა ”კლეოპატრას ქეთ”. ამ სტილში სიამოვნებით ვიმუშავებდი.
- ეს შენთვის პირველი კონკურსია?
- კი, არსად მიცდია მონაწილეობის მიღება. ”ვარსკვლავების აკადემიამდე” არც მიფიქრია, რომ საბუთები შემეტანა არც ერთ შოუში, არადა მეგობრები, ოჯახის წევრები, სულ მაძალებდნენ, მეხვეწებოდნენ, რამე გააკეთეო, მაგრამ უარზე ვიყავი. თან თეატრალურშიც სამუსიკო ფაკულტეტზე ვსწავლობ და პედაგოგები ჩემით ძალიან კმაყოფილები არიან. თავის ქება ხომ არ გამომდის?!
- რატომ მოხვედი მაინცდამაინც აკადემიაში?
- საკუთარი თავის გამოცდის დრო დადგა. გამოცდის რეჟიმში ვარ, ჩაკეტილი ჩანხარო, რომ მითხარი, ალბათ ამის მიზეზი ჩემი საქციელია. ყველა ნაბიჯს ვერ გათვლი. რაღაცას ვაკეთებ, მერე ვნანობ, არ მომწონს, ვაანალიზებ. როცა რაღაცას ვაკეთებ, მერე ამაზე ვფიქრობ. აქ ყოფნა არ გამჭირვებია, მეგონა, დახურულ სივრცეში ”გავაფრენდი”, მაგრამ ასე არ ყოფილა. კამერებსაც შევეგუე. ყველაზე მეტად დედა და ძმა მენატრება.
- და ”რესტარტს” როგორ აკეთებ?
- განტვირთვა ბუნებაში მომწონს ძალიან. ყველაფერი მიყვარს - ბუნებაში ტბასთან ჯდომა, ზღვა, მთა და ცა.
- ფრენა?-
ფრენა არ მიცდია, მაგრამ დიდხანს ცაში ყურება მიყვარს.
- ვის უმღერი ხოლმე?
- ყველა საყვარელ ადამიანს ვუმღერი, ვისაც დავინახავ, რომ ჩემი გამოსვლა სიამოვნებს. საერთოდ, სცენაზე დგომისას ძალიან დიდი ენერგია და ემოციაა საჭირო იმისთვის, რომ ეს ყველაფერი ხალხს გადასდო და დაიცალო.
- რაც შენ და ქეთის განსაკუთრებით კარგად გამოგდით.
- მადლობა, საერთოდ, კონცერტზე თავს უკეთესად ვგრძნობ. ჩანაწერის ყურებისას კი სულ უკმაყოფილო ვარ. საერთოდ, ემოცია ისევ მაყურებლის ”ბრალია” - დადებით ბრალეულობას ვგულისხმობ. რაც მეტი ენერგია მოდის, უფრო მეტს გავცემ. არ ვიცი, ისეთ დარბაზში, სადაც მაყურებელი მშვიდად ზის, როგორ მოვიქცევი, მაგრამ, როგორც პედაგოგები მე და ჩემს კიდევ რამდენიმე მეგობარს გვეუბნებიან, რაღაც ქარიზმა გვაქვს. ალბათ ეს შიგნიდან მოდის.
- და რა გაქვს შიგნით, როგორი ხარ?
- ერთი ვიცი, რომ მყარი და სტაბილური პიროვნება არ ვარ, არც გიჟი, როგორც ზოგიერთი მეუბნება, მაგრამ ცვალებადი ხასიათი მაქვს. არ მგონია, ცუდი პიროვნება ვიყო. მიყვარს ხალხი და მათაც ვუყვარვარ. ვერ ვიტან, როდესაც ადამიანი ცუდ ხასიათზეა. აუცილებლად ჩავეხუტები, ვაკოცებ. კოცნით შევირიგებ ხოლმე იმ ადამიანებსაც, ვისაც უნებურად ვაწყენინებ. მე თვითონ ძალიან ძნელად ვბრაზდები. ვერ ვიტან ტყუილს და საკუთარი პიროვნების წარმოჩენას. ვერც იმას - ზედმეტად ხაზგასმა რომ იციან და რაღაც ზებუნებრივ და მაღალ მატერიებზე საუბარს რომ იწყებენ. მიყვარს ჩვეულებრივი, უბრალო ადამიანები.
- გოგონებს რა ადგილი უჭირავთ შენს ცხოვრებაში?
- ”მიყვარს გოგონები თბილისში”. ეს ერთ-ერთ პირველ ადგილზეა. გოგონები ჩემი ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. მათ მიმართ სერიოზული გრძნობებიც მქონია. ცოტა ხნის წინ ერთი გოგონა მიყვარდა ძალიან, მაგრამ ახლა ერთად არ ვართ. ისე, ჩვენს ურთიერთობას შეყვარბულობასაც ვერ დაარქმევ, ერთად არ ვყოფილვართ. მიუხედავად იმისა, რომ ის თითქოს აღარ მიყვარს, მაინც მიმაჩნია, რომ მის მიმართ რაღაც გრძნობები მაინც მაქვს, რაღაც დამიტოვა. ანუ, როცა ვხედავ, უცნაური გრძნობა მეუფლება. ალბათ ცხოვრების ბოლომდე ასე იქნება. არ მჯერა ერთი ნახვით სიყვარულისა. ამისთვის დრო და ურთიერთობაა საჭირო. ფლირტი მიყვარს ძალიან - საინტერესო პერიოდია. იმედი მაქვს, თუ ცოლს მოვიყვან, ჩემი ცხოვრების ყოველი დღე საინტერესო და მრავალფეროვანი იქნება.
- ანუ ახლა არ არის ისეთი ადამიანი, ვისაც უმღერი?
- არა, და საერთოდ, მიმაჩნია, რომ კარიერისთვის, საქმისთვის, ეს ხელისშემშლელი ფაქტორია. როდესაც რაღაცას აკეთებ, მაშინ სიყვარული არ გეხმარება. ახლა შეყვარებული რომ ვიყო, პროექტში ბოლომდე ვერ ვიქნებოდი ჩაბმული, ძალიან მომენატრებოდა და სულ მასზე ვიფიქრებდი. ერთადერთი, რაშიც დამეხმარებოდა, გრძნობით სიმღერაა. მოკლედ, მიწიერი ვნებები ადამიანს წარმატებაში, სწავლაში ხელს უშლის. ამის კონტროლის უნარი მაქვს, საქმეს და პირადს ვარჩევ.
- რას შეცვლის აკადემია შენს ცხოვრებაში?
- უკვე შეცვალა. ადამიანებთან, კამერებთან ურთიერთობა მასწავლა, კომპლექსები მომიხსნა. რაც დრო გადის, კი ვგრძნობ, როგორ იხვეწება ჩემში ყველაფერი.


0 commentaires: